Radiohead | |
---|---|
![]() Radiohead 2010-იან წლებში, მარცხნიდან: ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, კოლინ გრინვუდი, ედ ო’ბრაიენი და ფილ სელუეი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ებინგდონი, ოქსფორდშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
დისკოგრაფია | |
აქტიური | 1985–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წარმოქმნილი ჯგუფები | |
წევრები |
ტომ იორკი ჯონი გრინვუდი კოლინ გრინვუდი ედ ო’ბრაიენი ფილიპ სელუეი |
საიტი | radiohead.com |
Radiohead ვიკისაწყობში |
Radiohead — ინგლისური როკ-ჯგუფი ებინგდონიდან (ოქსფორდშირი), ჩამოყალიბებული 1985 წელს. მასში შედიან: ტომ იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშებიანი საკრავები), ჯონი გრინვუდი (გიტარები, კლავიშებიანი საკრავები, სხვა ინსტრუმენტები), ედ ო’ბრაიენი (გიტარები, დამატებითი ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას-გიტარა) და ფილ სელუეი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). 1994 წლიდან მათთან თანამშრომლობენ პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი და გარეკანების ავტორი სტენლი დონვუდი.
სადებიუტო სინგლი „Creep“ ჯგუფმა 1991 წელს, EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოუშვა. იგი თავდაპირველად წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი სტუდიური ალბომის Pablo Honey (1993) გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო ჰიტად იქცა. Radiohead-ის პოპულარობა ბრიტანეთში გაიზარდა მეორე ალბომის, The Bends (1995) გამოცემით. მესამე ალბომმა OK Computer (1997) მათ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. საზოგადოებრივი გაუცხოების თემებისა და გაფართოებული ჟღერადობის მქონე OK Computer ხშირად ითვლება 1990-იანი წლების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ჩანაწერად[1], ისევე, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.[2][3] ალბომებით Kid A (2000) და Amnesiac (2001), რომლებიც ერთად ჩაიწერა, აღინიშნა ჯგუფის მუსიკაში შემდეგი ნაბიჯი. Radiohead-ის ჟღერადობაში გამოჩნდა ელექტრონული მუსიკა, კრაუტროკი და ჯაზური ელემენტები. Kid A, რომელმაც გამოცემისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ამჟამად ითვლება 2000-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად.[4]
Hail to the Thief (2003) ფორტეპიანოსა და გიტარებზე აგებული როკის, ელექტრონიკისა და ომის თემების გავლენით დაწერილი ტექსტების ნარევია, რომელიც იყო ლეიბლზე EMI გამოცემული ჯგუფის უკანასკნელი დისკი. ალბომს In Rainbows (2007) ახლდა კამპანია, რომლის ფარგლებში მისი ძირითადი სიმღერების ნებისმიერ ფასად შეძენა შეიძლებოდა (0-დან დაწყებული). ამას აგრეთვე ახლდა ალბომის BitTorrent ქსელში ფართოდ გავრცელება. მოგვიანებით იგი ფიზიკურ მატარებლებზეც გამოვიდა, კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და ჩარტების მნიშვნელოვან პოზიციებზეც მოხვდა. მერვე ალბომი, The King of Limbs (2011) რიტმისა და უფრო მშვიდი მუსიკალური ტექსტურების გამოკვლევით გამოირჩეოდა. სემპლირების და მკვეთრი ელექტრონიკის შემდეგ ჯგუფი A Moon Shaped Pool-ში (2016) დაუბრუნდა მდიდრულ ჟღერადობას, რასაც ხელს უწყობდა გრინვუდის მიერ ორკესტრულად არანჟირებული კომპოზიციებიც.
Radiohead-ს დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი[5], ხოლო ჯგუფის შემოქმედება მოხვდა მსმენელთა და კრიტიკოსთა 1990-იანების და 2000-იანების საყვარელ ჩანაწერთა სიებში[6][7]. 2005 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში Radiohead 73-ე ადგილზე დაასახელა. ამასთან, ედ ო'ბრაიენი და ჯონი გრინვუდი გამოჩნდნენ Rolling Stone-ის უდიდეს გიტარისტთა , ხოლო ტომ იორკი - უდიდეს ვოკალისტთა სიაში.[8] 2009 წელს Rolling Stone-ის მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით Radiohead 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიაში მეორე პოზიციას იკავებდა.[9]